დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
პირველი ევროპელების სამშობლო
დმანისი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქ სისტემატურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, მეცნიერები, სტუდენტები, ტურისტები. მაინც რამ გამოიწვა დმანისით ასეთი დაინტერესება? დმანისის რაიონი და მთლიანად ქვემო ქართლი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან. დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები. მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.