იუსტიციის მინისტრი 59-ე საზოგადოებრივ ცენტრს 25 დეკემბერს დმანისში 14:00 საათზე გახსნის.
თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდა ტერიტორიის შემოღობვა სკვერით და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. კერძოდ გაფართოვდა საზოგადოებრივ ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.
საზოგადოებრივი ცენტრი ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. იუსტიციის სახლის მომსახურების გარდა, მოსახლეობა ადგილზევე შეძლებს სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების სერვისებით სარგებლობაც.
დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დმანისში სამი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ბავშვებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა და ინტერნეტის საშუალებით მიიღონ მათთვის საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მოკლებულნი იყვნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდება, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან : დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი - სოზარ სუბარი. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან თანამშრომლებთან ერთად, ასევე საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.