გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია. პირველი თანრიგის ოროგრაფიული ერთეულებია: ვულკანური ქანებით აგებული ჯავახეთის ქედი, ლოქის ქედი; ასევე გომარეთისა და დმანისის ვულკანური პლატოები.
ჯავახეთის ვულკანური ქედი მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი, ტექტონიკური ძალებით თაღისებურად ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის აღმოსავლური დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით.[2]
ლოქის ქედი მუნიციპალიტეტის სამხრეთითაა განფენილი. აგებულია უმთავრესად ცარცული ხნოვანების ვულკანოგენური წყებებით, რომელთა ქვეშ გაშიშვლებულია ლოქის გრანიტული მასივის ძველი კრისტალური კომპლექსი. დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი, ეროზიული, სტრუქტურული და დენუდაციური ფორმებით.
კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის მოქცეულია გომარეთის პლატო, რომელიც თითქმის მთლიანად მდინარე შავწყაროსწყლის აუზში შედის. შავწყაროსწყლის ხეობა პლატოს თითქმის შუაზე სჭრის. გომარეთის პლატოს სიმაღლე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1250-1350 მ-ია, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი სიმაღლე 1400-1450 მ-მდე მატულობს. პლატო დასავლეთიდან ჩაკეტილია – ჯავახეთის ქედით, ჩრდილოეთით – კვირიკეთის ქედით, სამხრეთით – ლუკუნის მასივით, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხრამის ხეობით. გომარეთის პლატო აგებულია დოლერიტული ლავების რამდენიმე ერთმანეთზე გადაფარებული ლავური განფენით და მათთან დაკავშირებული ტბიური ნალექებით. პლატოს კიდეები იმეწყრება, რაც გამოწვეულია ლავური განფენების ქვეშ ჩაფენილი ტბიური ნალექების გამორეცხვით.[2]
გომარეთის პლატო დასერილია მდინარე შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებითა და ხეობებით, რომელთა სიღრმეა 10-500 მ.
მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში მდებარეობს დმანისის პლატო, რომელიც იფარგლება შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებით. გეგმაზე სამკუთხა ფორმა აქვს. იგი ვიწროვდება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ. პლატოს ზედაპირის სიმაღლე ცვალებადობს 900-950 მ-იდან 1600-1700 -მდე. აგებულია დოლერიტული ლავებით, რომელიც ქვედა მეოთხეულში ამოიღვარა ჯავახეთის ქედის სამხრულ ნაწილში – და მაშავრის ხეობას ჩამოჰყვა მარნეულის ვაკისაკენ. აქვე გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც.[2] დმანისის პლატოზე მკაფიოდ გამოიყოფა სამი საფეხური. აქვეა კანიონებიც, რომელთა სიღრმე 70-80 მ-ს აღწევს. ძირითადია მაშავრის კანიონი, რომლებსაც შტოსებურად გამოეყოფიან მისი შენაკადების კანიონები.