დმანისი – საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი წარსულის მქონე ადგილი – უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. იგი ასეთი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა უძველესი ადამიანის ნაშთები. თავის ქალების დეტალური შესწავლის შემდეგ საბოლოოდ დადგინდა და მთელმა მსოფლიომ გაიზიარა, რომ დმანისში აღმოჩენილი ადამიანი თარიღდება 1,7 მლნ წლით და აფრიკის გარეთ იგი უძველესია მსოფლიოში. ადამიანის წარმოშობის, მისი ევოლუციისა და განსახლების კვლევის სფეროში ქართველმა მეცნიერებმა უდიდეს შედეგებს მიაღწიეს. ამან განაპირობა ის დიდი აღიარება, რაც ამ შედეგებს ხვდა წილად. კერძოდ, ამერიკული ჟურნალის “Sience”-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში “დმანისური აღმოჩენა” პირველ სამეულში მოხვდა და მან უკან ჩამოიტოვა არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ შორის ნობელის პრემიაზე წარდგენილებიც. დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ. თუ როგორ გავრცელდნენ ისინი ევრაზიაში, მუდმივი დავის საგანია. ადამიანის აფრიკის გარეთ გავრცელება მოხდა მინიმუმ 1,7-1,8 მლნ წლის წინ. დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები და ადამიანის ნაშთები იდენტურია აფრიკაში ნაპოვნი არქაული იარაღებისა და ჰომინიდებისა, რომლებიც 2,5 მლნ წლით თარიღდება. მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომოებს. რამ აიძულა ადამიანები გასულიყვნენ აფრიკის გარეთ? მათი განსახლება მოხდა იმიტომ რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორიების ათვისება. ძირითადად აქ ეკოლოგიურმა და ბიოლოგიურმა ფაქტორებმა იმოქმედა. მას შემდეგ, რაც ჰომინიდების ადგილსამყოფელი _ ტყეები სავანეებით შეიცვალა, ახალ გარემოებასთან ადაპტაციამ გამოიწვია ცვლილებები ანატომიურ აგებულებაში. კერძოდ, იზრდება სხეულის ზომები და ტვინის მოცულობა, ორგანიზმი საჭიროებს ენერგეტიკულად მდიდარ საკვებს – ხორცს. ამ ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დმანისელი ადამიანი მოსული კი არ არის, არამედ ადგილზე მოხდა უძველესი ადამიანის წარმოშობა და ჩამოყალიბება. |
19 ივლისი, სამშაბათი, 2011 წელი |
დმანისის ნაქალაქარი (ფართ.13 ჰა) შუა საუკუნეებში თბილისის (საქართველოს დედაქალაქის) შემდეგ ერთ-ერთ ძლიერ ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისიდან 80-ე კილომეტრზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე. დმანისის ნაქალაქარი უნიკალური ძეგლია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ისე სანახაობრივად. ამ ტერიტორიაზე გამოვლინდა ადამიანის ცხოვრების ყველა პერიოდი. განსაკუთრებით მჭიდრო დასახლება ყოფილა გვიანბრიჯაოს ხანაში. ქალაქი აშენდა IX-X საუკუნეებში (მანამდე აქ ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა). თურქ-სელჩუკების მიერ XI საუკუნეში დმანისის განადგურების შემდეგ იგი ხელმეორედ აუშენებიათ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე და დმანისი სამეფო ქალაქად გამოცხადდა. XIII საუკუნეში ქართული ფული აქ იჭრებოდა, კერძოდ მეფე დავით ნარინის სახელით. ზარაფხანას არქეოლოგებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. დმანისშია დაკრძალული დემეტრე II თავდადებულის შვილი, მაღალი ზნეობითა და სულიერებით გამორჩეული, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე ვახტანგ III. ქალაქი განადგურდა თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად XIV საუკუნის ბოლოს. XVI საუკუნიდან აღსდგა მხოლოდ ნაქალაქარის ციხე, ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს – ბარათაშვილების მიერ. XVIII საუკუნიდან აქ სიცოცხლე შეწყდა და დმანისი ნაქალაქარად იქცა. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საცხოვრებელი, სამეურნეო, საკულტო და სხვა სახის ნაგებობები. ნაგებობები სამსართულიანებიც ყოფილა. ბევრი მათგანი კრამიტით იყო გადახურული. აქ იყო კერამიკული და მინის საწარმოები. აღმოჩენილია დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის რამდენიმე წარწერიანი (ქართული, სპარსული და ლათინური), დიდი რაოდენობით მონეტები (ძირითადად ქართული). ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შიდაციხე-ციტადელი. დადგინდა ციხის მშენებლობის რამდენიმე პერიოდი. გამოვლენილია თავდაცვითი სისტემა-გალავნის კედელი მთელ პერიმეტრზე (სიგრძე-322მ) თავისი ბურჯებითა და საბრძოლო კოშკებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით, სასახლე თავისი აბანოთი. შენობა ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით დუღაბზე, გადახურვა - კრამიტით (ღარიანი და ბრტყელი), იატაკი კი ბრტყელი აგურით ყოფილა მოწყობილი. აღმოჩენილია ქალაქის საინტერესო ელემენტი-საიდუმლო გვირაბი (200მ. სიგრძის). მტრის შემოსევის დროს სწორედ ამ გვირაბით ხდებოდა ხალხის გაყვანა და ქალაქის მომარაგება წყლით. დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს სასულიერო ცენტრი – ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც XI-XII საუკუნეებში უნდა აეგოთ. V საუკუნეში დმანისში საეპისკოპოსო ტაძარიც ყოფილა, მაგრამ იგი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. დმანისის სიონის ტაძრისთვის XIII საუკუნეში, დასავლეთის მხრიდან მიუშენებიათ მრავალფეროვანი ორნამენტებით შემკული კარიბჭე, რომლის დასავლეთის ფასადზე გაუკეთებიათ ვრცელი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ლაშა-გიორგი და დმანისის ეპისკოპოსი კალნაპეტის-ძე. ამავე პერიოდში მოუხატავთ ტაძარი (შემორჩენილია ფრაგმენტები). |
19 ივლისი, სამშაბათი, 2011 წელი |
დმანისური სტელა |
ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ ქვის სტელები და ქვაჯვრები. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს. საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია, V-VI სს-ის ძეგლების ასეთი სიმდიდრე ჯერ არსად საქართველოში არ მოიპოვება. ამ პერიოდის ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა დმანისის მუნიციპალიტეტი. სოფ. განთიადთან ტოპონიმ “ნაგზაურის” ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა V-VII სს-ის საეკლესიო კომპლექსი, სხვადასხვა დროს აგებული 4 ეკლესიის ნაშთები და უამრავი არქეოლოგიური მასალა: სტელებისა და ქვაჯვრების ფრაგმენტები, კრამიტები, კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვ. სხვა მასალასთან ერთად გამოვლინდა ქვის სტელა. იგი თითქმის მთელია, აკლია მხოლოდ დაბოლოება. სტელა ოთხწახნაგოვანია. წინა მხარეზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. კაპიტელის 4 წახნაგი გრეხილი ორნამენტით აქვს შემოსაზღვრული. ყოველი წახნაგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ხატს. მეორე წახნაგზე გამოსახულია ორი ფიგურა, ერთია სასულიერო პირი (ჩაცმულობა მეტყველებს ამაზე) და მარჯვენა ხელში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორე მამაკაცი უნდა იყოს ქტიტორი, რაც სხვა მონაცემებითაც დასტურდება, ამ რეგიონის მმართველი, გამგებელი. წახნაგის მარჯვენა კიდესთან რელიეფურად გამოყვანილია რამდენიმე ქართული ასომთავრული ასო „დღე ერთი“, წარწერა თანადროულია და თარიღდება V-VI საუკუნეებით, მესამე წახნაგზე, ღვთისმშობლის მარჯვნივ გამოსახულია ლომი, ხოლო მეოთხეზე - ღვთისმშობლის უკანა მხარეს _ ფარშევანგი. იქ, სადაც ლომია გამოსახული დაფიქსირდა ქართული ასომთავრული წარწერა ამოკაწვრის წესით შესრულებული და იკითხება ორი სიტყვა -„სტეფანე შეიწყალე“. |
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართულ ნასოფლარებზე შეიქმნა ცენტრალური რუსეთის რაიონებიდან გადმოსახლებული რუსების (დუხობორების) ორი დასახლება. მათმა ჩამოსახლებამ თან შემოიტანა საკუთარი ყოფის ელემენტები ( ქართული ურემი შეიცვალა რუსული ,,ფურგონებით”, ქართული თონე რუსული ,,ფურნით” და სხვ.) XIX საუკუნის დასაწყისში რუსებმა დაიწყეს საქართველოდან უცხოეთში (ძირითადად კანადაში) მიგრაცია. ეს პროცესი უფრო აქტიური ხასიათის იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღეისათვის დმანისში რამდენიმე რუსული ოჯახიღაა შემორჩენილი.
1830 წელს მეფის მთავრობამ საქართველოსი არზრუმის მხრიდან ჩამოასახლა 4200 ბერძენი და დაასახლა თრიალეთში. ბორჩალოს მაზრის დაშლის შემდეგ შეიქმნა ახალი ტერიტორიულ-ადმნისტრაციული რაიონები და ნაწილი ბერძენთა სოფლებისა მოჰყვა დმანისის მუნიციპალიტეტიც. ეს ბერძნები წამოსული იყვნენ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ნაწილი თურქულად მეტყველებდა, ნაწილი კი - სომხურ დიალექტზე. ჩვენს რაიონში არსებობდა ორი ბერძნული სოფელი: საკირე და გორა. მათი მცხოვრებნი იმ ხალხის განშტოებას წარმოადგენდნენ, რომლებიც ერეკლე მეორემ XVIII საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში მოიწვია მადნის მოპოვება-დამუშავებისა და საკალატოზო საქმის შესასრულებლად. ეს ბერძნულენოვანი მოსახლეობა არამარტო მადნის დამუშავების ოსტატები იყვნენ, არამედ თურქულენოვანი ბერძნებისგან განსხვავებით წიგნიერებასაც მისდევდნენ, გახსნილი ჰქონდათ სკოლები. უნდა აღინიშნნოს, რომ ამჟამად ბერძნული მოსახლეობის უმრავლესობა საბერძნეთს დაუბრუნდ. მაგ. სოფელ საკირესა და გორაში რამდენიმე ათეულიღაა დარჩენილი, ხოლო სოფელი იაილო აღარც არსებობს.
დმანისის ტერიტორიაზე პირველად გერმანელმა ფერმერებმა იწყეს შემოსვლა. მათ ქარხნები ჰქონდათ სოფ. მთისძირში, ზემო ყარაბულახში. პირველი ფერმერი იყო ფონ კუჩენბახი. იგი 1862 წელს ჩამოვიდა გერმანიიდან, რუსეთის მთავრობის კრედიტით აღებული ფულით იყიდა სოფ. მთისძირის, პანტიანის და ტყისპირის ტერიტორიები და მოაწყო ევროპული სტილის მესაქონლეობის ფერმა. კუჩენბახმა შვეიცარიიდან ჩამოიყვანა ,,შვიცის” ჯიშის ძროხები, შეაჯვარა ადგილობრივ ჯიშთან და მიიღო კავკასიური წაბლა ჯიშის პირუტყვი, რომელიც დღესაც გავრცელებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში. კუჩენბახმა იმდენად მძლავრი ფერმა შექმნა, რომ მისის ქარხნებიდღეში 6-8 ტონა ყველს ამზადებდა. გარდა ფერმერობისა, მრეწველობასაც მიჰყო ხელი - სოფელ საფარლოში, მდ. ფინეზაურის ნაპირზე ააგო მინის ქარხანა, რომელიც საოჯახო ჭურჭელს უშვებდა. რაიონის ტერიტორიაზე გაჩნადა გერმანული სოფელიც. 1907 წელს, როდესაც ორმაშენელი დუხობორები აიყარნენ და რაიონულ ცენტრ დმანისში ჩამოსახლდნენ, მათ ადგილზე ეკეტერიფელდიდან (ბოლნისიდან) ჩამოსული გერმანელები ჩამოსახლდნენ, ხოლო სოფელს ვალდჰემი დაარქვეს. დღეს უკვე დმანისში არცერთი გერმანელი აღარ ცხოვრობს.