დმანისის მუნიციპალიტეტის თვთმმართველობის შენობაში ახალი მუნიციპალური მომსახურების სერვისი შეიქმნა
2014 წლის 20 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გაიხსნა მუნიციპალური მომსახურების ახალი სერვისი ,,ქალთა ოთახი“, რომელიც ემსახურება თვითმმართველობის შენობაში ვიზიტად მყოფ ქალებს და ბავშვებს. პროექტი განახორციელა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსმა“ პროგრამის ფარგლებში ,,გენდერული თანასწორობა და ადგილობრივი თვითმმართელობა“. ოთახი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საოფისე მომსახურებით, მოეწყო წიგნის თაროები, სადაც განლაგდა ორგანიზაციის მიერ საჩუქრად გადმოცემული საბავშვო, სასკოლო, მხატრული, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სახეობის წიგნები, კომპიუტერები, რომელიც მოემსახურება ვიზიტორებს ინტერნეტით, მოეწყო ,,საბავშვო კუთხე“, რაც მშობელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით და დროულად განახორციელოს მისთვის სასურველი საქმიანი შეხვედრა შესაბამის სამსახურში.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის კანონი აყალიბებს ახალ სამუშაო ჩარჩოს, სადაც ქალთა ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ აღნიშნული მიმართულებით ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში (დმანისი, თეთრი წყარო, წალკა) ,,მერსი ქორფსმა“ დაიწყო სრულიად ახალი სერვისის ქალთა მომსახურების ცენტრის განხორციელება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის როლს საზოგადოებაში.
,,ქალთა ოთახში“ მომუშავე თანამშრომელი იქნება საკონტაქტო პირი გენდერული ორგანიზაციებისათვის მის მუნიციპალიტეტში, თანამშრომლები რწმუნებულების მეშვეობით უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება/მიწოდებას, ნაყოფიერი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი პროექტი მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ გენდერული თანასწორობისა და კარგი მმართველობის პრინციპების პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ რეგულარულად.
ახალი მუნიციპალური სერვისის, ქალთა ოთახის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://www.facebook.com/qalta.otaxi/