დმანისური სტელა |
ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ ქვის სტელები და ქვაჯვრები. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს. საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია, V-VI სს-ის ძეგლების ასეთი სიმდიდრე ჯერ არსად საქართველოში არ მოიპოვება. ამ პერიოდის ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა დმანისის მუნიციპალიტეტი. სოფ. განთიადთან ტოპონიმ “ნაგზაურის” ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა V-VII სს-ის საეკლესიო კომპლექსი, სხვადასხვა დროს აგებული 4 ეკლესიის ნაშთები და უამრავი არქეოლოგიური მასალა: სტელებისა და ქვაჯვრების ფრაგმენტები, კრამიტები, კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვ. სხვა მასალასთან ერთად გამოვლინდა ქვის სტელა. იგი თითქმის მთელია, აკლია მხოლოდ დაბოლოება. სტელა ოთხწახნაგოვანია. წინა მხარეზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. კაპიტელის 4 წახნაგი გრეხილი ორნამენტით აქვს შემოსაზღვრული. ყოველი წახნაგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ხატს. მეორე წახნაგზე გამოსახულია ორი ფიგურა, ერთია სასულიერო პირი (ჩაცმულობა მეტყველებს ამაზე) და მარჯვენა ხელში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორე მამაკაცი უნდა იყოს ქტიტორი, რაც სხვა მონაცემებითაც დასტურდება, ამ რეგიონის მმართველი, გამგებელი. წახნაგის მარჯვენა კიდესთან რელიეფურად გამოყვანილია რამდენიმე ქართული ასომთავრული ასო „დღე ერთი“, წარწერა თანადროულია და თარიღდება V-VI საუკუნეებით, მესამე წახნაგზე, ღვთისმშობლის მარჯვნივ გამოსახულია ლომი, ხოლო მეოთხეზე - ღვთისმშობლის უკანა მხარეს _ ფარშევანგი. იქ, სადაც ლომია გამოსახული დაფიქსირდა ქართული ასომთავრული წარწერა ამოკაწვრის წესით შესრულებული და იკითხება ორი სიტყვა -„სტეფანე შეიწყალე“. |
ტურიზმი
დმანისური სტელა
მნახველთა რაოდენობა: 7765
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
121
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596