დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
ტურიზმი

 

არქეოლოგია, დმანისის ნაქალაქარი
 
 
დმანისის ნაქალაქარი (ფართ.13 ჰა) შუა საუკუნეებში თბილისის (საქართველოს დედაქალაქის) შემდეგ ერთ-ერთ ძლიერ ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისიდან 80-ე კილომეტრზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე. დმანისის ნაქალაქარი უნიკალური ძეგლია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ისე სანახაობრივად. ამ ტერიტორიაზე გამოვლინდა ადამიანის ცხოვრების ყველა პერიოდი. განსაკუთრებით მჭიდრო დასახლება ყოფილა გვიანბრიჯაოს ხანაში. ქალაქი აშენდა IX-X საუკუნეებში (მანამდე აქ ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა). თურქ-სელჩუკების მიერ XI საუკუნეში დმანისის განადგურების შემდეგ იგი ხელმეორედ აუშენებიათ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე და დმანისი სამეფო ქალაქად გამოცხადდა. XIII საუკუნეში ქართული ფული აქ იჭრებოდა, კერძოდ მეფე დავით ნარინის სახელით. ზარაფხანას არქეოლოგებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. დმანისშია დაკრძალული დემეტრე II თავდადებულის შვილი, მაღალი ზნეობითა და სულიერებით გამორჩეული, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე ვახტანგ III. ქალაქი განადგურდა თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად XIV საუკუნის ბოლოს. XVI საუკუნიდან აღსდგა მხოლოდ ნაქალაქარის ციხე, ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს – ბარათაშვილების მიერ. XVIII საუკუნიდან აქ სიცოცხლე შეწყდა და დმანისი ნაქალაქარად იქცა. ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული იყო საცხოვრებელი, სამეურნეო, საკულტო და სხვა სახის ნაგებობები. ნაგებობები სამსართულიანებიც ყოფილა. ბევრი მათგანი კრამიტით იყო გადახურული. აქ იყო კერამიკული და მინის საწარმოები. აღმოჩენილია დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის რამდენიმე წარწერიანი (ქართული, სპარსული და ლათინური), დიდი რაოდენობით მონეტები (ძირითადად ქართული). ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შიდაციხე-ციტადელი. დადგინდა ციხის მშენებლობის რამდენიმე პერიოდი. გამოვლენილია თავდაცვითი სისტემა-გალავნის კედელი მთელ პერიმეტრზე (სიგრძე-322მ) თავისი ბურჯებითა და საბრძოლო კოშკებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით, სასახლე თავისი აბანოთი. შენობა ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით დუღაბზე, გადახურვა - კრამიტით (ღარიანი და ბრტყელი), იატაკი კი ბრტყელი აგურით ყოფილა მოწყობილი. აღმოჩენილია ქალაქის საინტერესო ელემენტი-საიდუმლო გვირაბი (200მ. სიგრძის). მტრის შემოსევის დროს სწორედ ამ გვირაბით ხდებოდა ხალხის გაყვანა და ქალაქის მომარაგება წყლით. დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს სასულიერო ცენტრი – ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც XI-XII საუკუნეებში უნდა აეგოთ. V საუკუნეში დმანისში საეპისკოპოსო ტაძარიც ყოფილა, მაგრამ იგი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. დმანისის სიონის ტაძრისთვის XIII საუკუნეში, დასავლეთის მხრიდან მიუშენებიათ მრავალფეროვანი ორნამენტებით შემკული კარიბჭე, რომლის დასავლეთის ფასადზე გაუკეთებიათ ვრცელი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ლაშა-გიორგი და დმანისის ეპისკოპოსი კალნაპეტის-ძე. ამავე პერიოდში მოუხატავთ ტაძარი (შემორჩენილია ფრაგმენტები).
19 ივლისი, სამშაბათი, 2011 წელი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 14201
 
 
 
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები