დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ტატუაშვილი ახალი გამოწვევებისა და პროექტების შესახებ
04 თებ 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტი ახალი გამოწვევების წინაშე

დმანისში დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წლების წინათ იყო. თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების  მუზეუმ-ნაკრძალი. ის თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.

 დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი _ თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისი ოფიციალურად ქალაქად  1981 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ   ნელ-ნელა დაიწყო განვითარება.  გიორგი ტატუაშვილი დმანისის  მერად  2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მისი  მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტში   ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. 

გიორგი ტატუაშვილმა 2009 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით, აქვს  ბაკალავრის ხარისხი;  2004 წლიდან 2005 წლამდე შპს „პსპ რიხტერის“ იურიდიული სამსახურის  იურისტის თანაშემწე იყო; 2005-2006 წლებში _ შპს „პსპ რიხტერის“ იურისტი; 2007 წლიდან  2017 წლის 10 ნოემბრამდე _ შპს „პსპ ფარმას“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტი, ხოლო 2008 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია  შპს „ელ სი ჯი“, რომლის  აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე  2017 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა;    ამავე პერიოდში  იყო შპს „პრივატ სტანდარტის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 2014 წლიდან  2017 წლის 10 ნოემბრამდე კი შპს „ნიუ ჰოსპიტალის“ იურიდიული სამსახურის  იურისტი იყო. 

ბატონი გიორგი  გაზეთ „ახალი საქრთველოს“ სტუმარია და  ახალი გამოწვევებისა და პროექტების შესახებ გვესაუბრება.

_ ბატონო გიორგი,   როგორია სოციალური ფონი მუნიციპალიტეტში და რა დახმარებებს უწევთ მოსახლეობას?

_ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური ფონი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის,   დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 1203 ოჯახი, რომლებზეც მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს.

 მოსახლეობის ძირითად საქმიანობას შინამეურნეობა წარმოადგენს.  მერიაში მოქმედი სოციალური  პროგრამები  მიმართულია მოსახლეობის სოციალური ფონის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობისკენ.

მათთვის მოქმედებს შემდეგი პროგრამები:

* ,,დიალიზის საჭიროების მქონე პირების დახმარების მუნიციპალური  პროგრამა“,   აღირცხვაზე მყოფ ბენეფიციარებს პირად ანგარიშზე ადრე თუ 50 ლარი ერიცხებოდათ, ახლა   100 ლარს მიიღებენ;

* ,,ერთჯერადი ფინანსური დახმარების მუნიციპალური პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სიმსივნითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირების დახმარებას ერთჯერადად 200 ლარით;

* ,,სოციალურად  დაუცველი  მოსახლეობის  სამედიცინო  სტაციონარული, ამბულატორიული დახმარების    მუნიციპალური    პროგრამა“, რომელიც ვრცელდება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ არემატება 100 000 ერთეულს, იძულებით ადგილნაცვალ პირებზე, სიმსივნითა და  C ჰეპატიტით დაავადებულ პირებზე, ობოლ არასრულწლოვან ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;

* ,,ტრანსპორტით მომსახურების მუნიციპალური პროგრამა“, რომლის მიზანია  მოსარგებლე პირებისათვის მგზავრობის უზრუნველყოფა და ფინანსური სახსრების დაზოგვა. მოსარგებლეები არიან დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტები, ვეტერანები, უსინათლოები, დიალიზის საჭიროების მქონე პირები;

* ,,ფენილკეტონურიით  დაავადებულ  ბავშვთა   სპეციფიკური   კვების პროდუქტებით დახმარების მუნიციპალური პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სპეციფიკური კვების პროდუქტებით დახმარებას;

* ,,ზამთრის   სეზონის   დადგომასთან   დაკავშირებით   საწვავით   (შეშა ან ბიოსაწვავი ,,ბრიკეტით“)            უზრუნველყოფის 2019 წლის   მუნიციპალური   პროგრამა“ _ პროგრამის ამოცანაა მარტოხელა პენსიონერი  პირების საწვავით (სათბობი შეშით ან ბიოსაწვავი ,,ბრიკეტით“) უზრუნველყოფა;

* ,,მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ არემატება 100 000 ერთეულს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აღირცხვაზე იმყოფებიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

- ბოლო პერიოდში ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა დმანისის მუნიციპალიტეტი, რამ გამოიწვია ეს დაინტერესება?

- გეთანხმებით, დმანისს ტურისტული პოტენციალი უდავოდ დიდი აქვს. ამის მიზეზი კულტურული მემკვიდრეობის  უნიკალური ძეგლები და მათი სიმრავლეა. დმანისი, თავისი უძველესი წარსულიდან  გამომდინარე, ფლობს მდიდარ და საინტერესო კულტურას. უძველესი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების უნიკალური ძეგლები თავად „გვესაუბრებიან“ იმ მიღწევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც   მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საუკუნეებს მოუტანიათ. ამას ემატება ისიც, რომ  დმანისის ნაქალაქარში, იქ, სადაც უძველესი ადამიანების (მათ შორის ზეზვასა და მზიას) ნაკვალევია აღმოჩენილი,  ღია ცის ქვეშ  მოწყობილია უნიკალური მუზეუმი. ასევე ვიზიტორებისთვის მიმზიდველია  მშვენიერი ბუნების ხედები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასულ წელს ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჩატარდა გარკვეული სამუშაოები. საწყისი ეტაპისთვის შეირჩა პრიორიტეტული ტურისტული ობიექტები, საპიკნიკე სივრცეებისა და სველი წერტილებისთვის და ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის მოინიშნა ადგილები, ასევე იგეგმება საინფორმაციო დაფების განთავსება. ტურისტული საინფორმაციო ცენტრის  ფართისთვის  მიმდინარეობს პროექტის შეძენა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს აგროტურიზმი, სატრანსპორტო, საფეხმავლო და კულინარული ტურიზმი.  ასე რომ, საინტერესო ტურს შევთავაზებთ ვიზიტორებს.

 - სპორტის განვითარებას რა ფაქტორები განსაზღვრავს?

  - სპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ახალგაზრდობა არის ჩვენი მომავალი და მომავალი თაობა ჯანმრთელი უნდა აღვზარდოთ. ჩვენი საქმიანობა   ახალგაზრდების კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული, რაც პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უკავშირდება, ამის საწინდარი კი სპორტული მოედნები და თავისუფალ დროს  ეფექტურად გამოყენებისთვის სკვერები და პარკებია. ამ მიმართულებით ქალაქსა თუ სოფლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის განმავლობაში გაიმართება შეჯიბრებები ფეხბურთი, ფრენბურთის და ჭადრაკის სახეობებში. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით. ხელს შევუწყობთ  გამორჩეული  ახალგაზრდების მონაწილეობას გასვლით ღონისძიებებში. ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა და გარე შეჯიბრებებისთვის.

 ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, ჭადრაკისა და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის სექციები. გასული წელი სპორტული წარმატებების თვალსაზრისით საინტერესო იყო. გვყავს წარმატებული სპორტსმენები, რომელთაც ასახელეს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ესენია: სლავა რეზესიძე, ბაგრატ ნინიაშვილი და ნოდარ ციხელაშვილი. ნიჭიერთა აღმოჩენასა და ხელშეწყობას ემსახურება სპორტული სკოლებისა და კლუბების სისტემა და სპეციალურ პროგრამები. იმედს ვიტოვებთ, რომ  მომავალშიც კიდევ მრავალჯერ ასახელებენ ჩვენი სპორტსმენები დმანისის რაიონს.

 

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2219
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები