დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მცირე გრანტის პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“
08 აპრ 2019
 

5 აპრილს დმანისის მუნციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში მოეწყო მცირე გრანტის პროექტის „ჩემი საყვარელი სივრცე“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. პროექტის მიზანი იყო სკოლის გარემოს გაუმჯობესება, სადაც მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი წაიკითხონ მხატვრული ლიტერატურა, გაიმართება დისკუსიები წაკითხულისა და ნანახის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს კითხვის პოპულარიზაციას, გააღვივებს წიგნის სიყვარულს.

მცირე გრანტის პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს „პროექტი ჰარმონია“ -PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.

მცირე გრანტის ბიუჯეტით გათვალისწინებული 450$ თანხით შეძენილ იქნა ქართული მხატვრული საბავშვო ლიტერატურა და საოფისე ავეჯი: წიგნის კარადები, თაროები, მაგიდა და სკამები, რომელიც განთავსდება სკოლის მიერ გამოყოფილ სამკითხველო ოთახში. სკოლამ პროექტის ფარგლებში ითანამშრომლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომელსაც მიმართა ოთახის გარემონტების თხოვნით, მერიისგან დადებითი პასუხი მიიღო და უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა სკოლაში, რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობენ მოზარდები და რომელი წიგნების წაკითხვას ისურვებდნენ. მოსწავლეებმა მოიძიეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები განათლებაზე და პოსტერების სახით გამოფინეს სკოლაში. „დიდები უკითხავენ პატარებს“ აქციის ფარგლებში მე-9 კლასელმა მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს ქართულ ენაზე საბავშვო მოთხრობები და ქართული ზღაპრები. მოსწავლეებმა პროექტის მენეჯერის ნათია ნადარეიშვილის და ნატა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართველ და აზერბაიჯანელ მწერლებზე ილია ჭავჭავაძესა და ფათალი ახუნდოვზე. სკოლაში მოეწყო კონკურსი „ვინ უკეთ კითხულობს ქართულად“, გამოვლინდა გამარჯვებულები, რომელთაც პრიზად გადასცეს გრანტით შეძენილი ქართული წიგნები. მოსწავლეებმა მოამზადეს მცირე ინსცენირება ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩადან“, რომელიც წარმოადგინეს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები: „პროექტი ჰარმონია“ -PH International-ის პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კოორდინატორი ინგა ქიბროწაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზნობრივი პროგრამის ხელმძღვანელი ლალი წიკლაური და კოორდინატორი თამთა ნაცვალაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, სიქა-საგანმანათლებლო ინიცატივების ქართული ასოციაციის წარმომადგენლები, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ სახელით სკოლას გადაეცა ქართული წიგნები. პროგრამა „მომავლის თაობამ“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადასცა ბატონ გიორგი კეკელიძეს და დმანისის მერიას. მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ პროგრამის „მომავლის თაობა“ სამახსოვრო საჩუქრები.

პროგრამა „მომავლის თაობა“ 2020 წლის ბოლომდე გააგრძელებს მუშაობას საქართველოს 230 სკოლაში. პროგრამის ფარგლებში კიდევ მრავალი სამოქალაქო აქტივობებია დაგეგმილი, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება და გამოიმუშაონ აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2285
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები