მიმდინარე წლის 18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები დაათვალიერა. სადაც ასევე იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია. სტუმრებს ადგილზე დახვდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. სამაროვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი. მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება. |
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად დაათვალიერა
18 ივლ 2015
მნახველთა რაოდენობა: 3766
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
114
დეკ 30 ორშ 2024
674
ნოემ 22 პარ 2024
594