დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა
14 იან 2018
 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი მერი - გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა.

“საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. 
მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. 
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე მუშაობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო და დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან. ირაკლი კობახიძემ ამ საქმეში შეტანილი საკვანძო წვლილისთვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მადლობა გადაუხადა. 
„ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკვე დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ და შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ელდარ შენგელაიას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, საკვანძო როლი შეასრულა მან ამ ყველაფერში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ის ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჰერალდიკის მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში, წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ხელისუფლების ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიულ გზასა და ღირებულებებს. მისივე თქმით, დღეს პარლამენტში მუნიციპალური სიმბოლოებია გამოფენილი, რომელთა შექმნის პროცესს კოორდინაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ათი წლის განმავლობაში უწევდა. 
„ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი გემოვნებით არის შესრულებული თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლო, თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. დღეს უკვე ყველა მუნიციპალიტეტს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და გარდა ქალაქ თბილისისა, აქვს დამოუკიდებლობის პირობებში თვითმმართველი წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საკუთარი დროშა და გერბი და სახელმწიფო დროშის მსგავსად, ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა და ეს დროშაც ასევე, აღდგენილი და დადგენილია. კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ სიმბოლიკით, რომელიც არის დადგენილი ეროვნულ დონეზე, მუნიციპალიტეტების დონეზე, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მუნიციპალიტეტებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო სიმბოლიკა იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი. 
„მნიშვნელოვნად ამაღლდა სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტები კონსტიტუციის დონეზე. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელი იყო სახელმწიფო სიმბოლიკის, დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლა 76 დეპუტატის მხარდაჭერით, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურების გარეშე, რაც ბუნებრივია, იყო წინააღმდეგობაში სამართლებრივ ლოგიკასთან და ეს პრინციპი შეიცვალა. დღეისათვის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას ესაჭიროება უკვე კონსტიტუციური პროცედურა, სამი მეოთხედის უმრავლესობა და სათანადო გართულებული პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული სახელმწიფო სიმბოლიკა, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველია და საქართველომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოლა იმისთვის, რომ ერი სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულიყო. მისი თქმით, ქართველი ერი ბედნიერია, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იყვნენ გმირები, რომლებიც დროშისთვის საკუთარი სიცოცხლეც დათმეს. 
„სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც ჩვენი დროშისთვის იბრძოლეს და ამ ბრძოლაში, საკუთარი სიცოცხლეც დაუნანებლად დათმეს. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ასეთი გმირები. 
დროშა არის ჩვენი ისტორიის, მრწამსისა და თვითმყოფადობის სიმბოლო, რომლის დაცვისა და ჩვენამდე მოტანისთვის წინაპრებმა ყველაფერი დათმეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, თანამედროვეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. 
ამასთან, სახელმწიფო დროშა ერთდროულად არის ისტორიული წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოც. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც თითოეული ჩვენგანი ქვეყნისთვის აკეთებს და გააკეთებს, ჩვენი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს ქვეშ გაერთიანდება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
ირაკლი კობახიძემ დამსწრეთ შეახსენა, რომ რამდენიმე გამორჩეული მნიშვნელობის მისიაა შესასრულებელი. 
„ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება ახდება.
ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელება და ქართველი ხალხის ისტორიული ნების შესრულება. ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს, სპორტსმენებსა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, ვინც მსოფლიოს საქართველო და მისი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო გააცნო. 
„დღევანდელ დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და ქედი მოვიხარო ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ღირსეულად ატარებენ სახელმწიფო დროშას მთელ მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც უკვე მრავალჯერ ასახელეს საქართველო და საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ აღმართეს ქართული დროშა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა და მისი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს. 
გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ადამიანს და გისურვებთ, რომ მრავალჯერ მოგვეცეს ქართული დროშის ამაყად აფრიალების შესაძლებლობა და პატივი“, - მიმართა შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 
საზეიმო მიღებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ელდარ შენგელაიამ და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ. 
„ჩვენი დროშა მსოფლიოში მეორე დროშაა თავისი სიძველით და თითქმის 15 წელი დასჭირდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სანამ მას მოვიძიებდით და ისევ დავადგენდით საქართველოს სახელმწიფო დროშად“, - განაცხადა ელდარ შენგელაიამ. 
მამუკა გონგაძემ სახელმწიფო დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დროშა ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტატუსი ჰქონდა და ევროპის ნაწილი იყო. 
„ეს დროშა აღმართულია ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში - ქალაქ სევასტოპოლზე, ქალაქ სოხუმზე და ქალაქ თბილისზე“, - განაცხადა მამუკა გონგაძემ. 
სიტყვით გამოსვლისას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე პირველი რესპუბლიკის სიმბოლოების-ძველი დროშისა და გერბისთვის ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. 
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზეიმო მიღებაზე თბილისის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები.
გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3596
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები