დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კახა ოქრიაშვილი გამოდის ინიციატივით
05 ნოემ 2018
 

კახა ოქრიაშვილი გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვით, “მაღალმთიანის“ სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები კანონით გათვალისწინებული შეღავათებით მაინც ისარგებლებენ

დმანისისა და წალკის მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის ინიციატივით, “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.

კანონის მოქმედი რედაქციით, მაღალმთიანის სტატუსის მიღება ხუთი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგადაა შესაძლებელი. მაჟორიტარის ინიციატივის გათვალისწინებით კი, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭოს. საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა თავად განსაზღვრავს.

ინიციატორის განმარტებით, ცვლილებების აუცილებლობა მსგავსი გეოგრაფიული თუ დემოგრაფიული პირობების მქონე სოფლებს შორის შექმნილმა უთანასწორობამ გამოიწვია. კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის 58 დასახლებული პუნქტიდან 49 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს, ხოლო დარჩენილ ცხრას, რომელთაგან ზოგიერთის მდებარეობა უმნიშვნელოდ განსხვავდება სტატუსის მქონე სოფლებისგან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ გააჩნია. შესაბამისად, ქალაქი დმანისი და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი ვერ ახერხებენ კანონით გათვალისწინებული სოციალური, საგადასახადო და სახელფასო დანამატებითა და შეღავათებით სარგებლობას.

“შექმნილ ვითარებას უსამართლობად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობაც. დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების გარდა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას სხვა მუნიციპალიტეტების არაერთი დასახლებული პუნქტიც“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3465
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები