ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო. 1 ივლისსს, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE) - ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა და ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, აქტივისტები და პარტნიორი ორგანიზაციები. პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად. პროექტი განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებებით:
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
- მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
- ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა, სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.