დღეს სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი ,,გომარეთობა” აღინიშნა, რომელიც ყოველთვის მართლმადიდებლური დღესასწაულის ,,სულთმოფენობის” დღეს აღინიშნება. სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა. ზეიმი დოღით დაიწყო, დოღს ჭიდაობა ჩაენაცვლა, ჭიდაობას ლახტი და ჭადრაკი.
მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.
გომარეთის კულტურის სახლში გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქართულ ჭიდაობაში, დოღში და ლახტში გამარჯვებულებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით ცხვრები გადასცა, სხვა ასპარეზობებში გამარჯვებულებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სასულიერო პირებს არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძეს და მღვდელთმონაზონ ხარიტონ არეშიძეს მიენიჭათ საპატიო გომარეთელების წოდება.
აღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე 10 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.