მერიის საკონფერენციო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების დმანისის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, მირზა მიქიანმა შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პრეზენტაცია წარადგინა.
საინფორმაციო შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მერის მოადგილე, თემური ზურაბიშვილი, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების დმანისის მუნიციპალური განყოფილების თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე;
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში;
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები და ანაზღაურება:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვის ვადით - 765 ლარის ოდენობით;
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვის ვადით - 635 ლარის ოდენობით;
უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვის ვადით სერჟანტებისთვის - 1275 ლარის, ხოლო ოფიცრებისთვის - 1530 ლარის ოდენობით.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.